ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა
როგორც წესი, განქორწინების შემდეგ, არასრულწლოვანი შვილები ერთ-ერთ მშობელთან ცხოვრობენ. მშობელი ზრუნავს შვილის განვითარებაზე, ცდილობს მაქსიმალურად კარგი განათლება მისცეს შვილს და უზრუნველყოს სხვა საჭიროებებით. ხშირად, მშობელს სურს შვილი გაიყვანოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, განათლების მისაღებად ან სხვა ობიექტური მიზეზით. საქართველოს კანონმდებლობით 16 წლამდე არასრულწლოვნის პასპორტის გასაცემად, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აუცილებელია ორივე მშობლის თანხმობა. შესაძლოა მეორე მშობელი არ ასრულებდეს მის მოვალეობებს, არ ზრუნავდეს საკუთარ შვილზე, მაგრამ მისი თანხმობის გარეშე ბავშვს არ აქვს საშუალება დატოვოს საქართველოს საზღვრები. სამწუხაროდ, ხშირად, მშობელი სიჯიუტის ან სხვა მიზეზის გამო უარს ამბობს პასპორტის გაცემის ნებართვაზე მაშინაც, როდესაც ბავშვის საზღვარგარეთ არ გაყვანამ შეიძლება მისი ინტერესები დააზიანოს. ზოგჯერ, მშობლები უბრალოდ ვერ თანხმდებიან რა არის უკეთესი მათი შვილისათვის. ორივე შემთხვევაში, მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი შეუზღუდოს მშობელს უფლება და მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ერთ-ერთ მშობელს საშუალება ექნება გაიყვანოს მისი შვილი საზღვარგარეთ. ჩვენი კომპანიის საოჯახო სამართალში სპეციალიზებული ადვოკატები დაგეხმარებიან დაიცვათ თქვენი და თქვენი არასრულწლოვნი შვილის ინტერესები სასამართლოში. ჩვენ დაგეხმარებით მოთხოვნის სწორად ჩამოყალიბებაში, სასამართლო დოკუმენტების მომზადებასა და სასამართლო სხდომებზე თქვენი ინტერესების დაცვაში. სასამართლო დავისათვის აუცილებელი დოკუმენტებისა და დამატებითი ინფორმაციის გასაგებად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში.
ადმინისტრაციული საჩივარის მნიშვნელობა
სახელმწიფო საჯარო ინტერესის განმახორციელებელ ორგანიზმს წარმოადგენს. იგი ეწევა მმართველობით საქმიანობას, რომლის დანიშნულებაა საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე საზოგადოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება. იმას, თუ რამდენად მართლზომიერია სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტი, განსაზღვრავს კონკრეტული შესაბამისი კანონები. თუმცა რამდენად შესაბამისია გამოცემული აქტები შესაბამის კანონებთან ცალკე შეფასების საგანია. მოქალაქე, რომელსაც აქვს ინტერესი გაეცნოს საჯარო დაწესებულების მუშაობას და საჯარო დაწესებულებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს უფლება აქვს ჩაერთოს ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე საჯარო დაწესებულებას გამოაქვს ინივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი (ინდ-აქტი), რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს დოკუმენტს. ინდ-აქტის მიზანია იურიდიული შედეგის დადგომა, კერძოდ, იგი აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ნებისმიერ პირს, რომელსაც ეხება ინდ-აქტი, აქვს მისი გასაჩივრების უფლება. ასევე მის გამოცცემისათვის მოსამზადებელ სამართალწარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება და აზრის დაფიქსირება. არის შემთხვევები, როდესაც პირი საჯარო დაწესებულების მიერ გამოცემულ აქტს არ ეთანხმება. ასეთ შემთხვევაში მას აქვს აქტის გასაჩივრების უფლება იმავე დაწესებულების ზემდგომ ორგანოში, რომელსაც ადმინისტრაციული საჩივარი ეწოდება. ადმინისტრაციული საჩივრის არსებობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სასამართლოს განტვირთვა, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსიდანაც მკაფიოდ იკვეთება, კერძოდ, ადმინისტრაციული საჩივრის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო არ მიიღებს სარჩელს. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის პრიორიტეტად შეიძლება განიხილოს ვადების საკითხი, ვინაიდან ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადას წარმოადგენს ერთი თვე. ვინაიდან ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს ადმინისტრაციული ორგანო, საზოგადოების მხრიდან ნაკლებია ნდობის საკითხი. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაც ხშირია პრაქტიკაში. ასევე ადმინისტრაციული საჩივარი არ ართმევს მხარეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მხარეს აქვს უფლება სარჩელით მიმართოს სასამართლოს.
მემკვიდრეობის მიღების პროცედურა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სამკვიდრო ქონების გადასვლას მემკვიდრეებზე ორი ფორმით: კანონით და ანდერძით მემკვიდრეობით. ამ სტატიაში თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ კანონით მემკვიდრეობაზე, იმდენად რამდენადაც აღნიშნული საკითხი საკმაოდ აქტუალურია საზოგადოებაში და სამართლებრივი ნორმების არ ცოდნის გამო ბევრი ზარალდება და კარგავს უფლებას მიიღოს მშობლის მიერ დატოვებული ქონება. კანონით მემკვიდრეობა გულისხმობს სამკვიდრო ქონების მიღებას ორი გზით: 1) სანოტარო ბიუროსათვის მიმართვით სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე და 2) აღნიშნული ქონების მიღებას ფაქტიური ფლობით. სანოტარო ბიუროსათვის მიმართვა უნდა განხორციელდეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, ამ დროის გასვლის შემდეგ მემკვიდრეს უწევს სასამართლოსათვის მიმართვა, რათა ამ უკანასკნელმა მიიჩნიოს გაშვებული ექვს თვიანი ვადა საპატიოდ. სასამართლოსათვის მიმართვა აღარ იქნება აუცილებელი, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით გულისხმობს იმ შემთხვევას, როცა მემკვიდრე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ რეალურად დაიწყებს იმ ქონებით სარგებლობას, რაც დარჩა მისი გარდაცვალების შემდეგ. ასე მაგალითად მშობლის გარდაცვალების შემდეგ შვილი აგრძელებს ამ სახლში ცხოვრებას. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სამკვიდრო ქონებაზე ნაწილობრივი ფლობის განხორციელება, გულისხმობს მის სრულ მიღებას. მაგალითად თუ პირი ქონების ფლობას შეუდგება თბილისში და მამკვიდრებლის მიერ დატოვებული ქონება არის აგრეთვე აჭარაში, ითვლება, რომ ეს პირი მთლიანი ქონების ფლობას ახორცილებს, მათ შორის აჭარაშიც და შესაბამისად მთელი ეს ქონება ითვლება მიღებულად. ჩვენი კომპანიის ადვოკატები დაინტერესებულ პირებს ეხმარებიან მემკვიდრეობის მიღების პროცესში და უწევენ სრულ საადვოკატო მომსახურებას, როგორც სასამართლოში, ასევე სხვა ორგანოებშიც.