English

რა უნდა ვიცოდეთ საპროცესო შეთანხმების შესახებ

საპროცესო შეთანხმება არის ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმება, რომლითაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე. როგორც წესი, შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას ან/და ზიანის ანაზღაურებას. საპროცესო შეთანხმების დადებისას, შესაძლებელია კანონით გათვალისწინებულ მინიმალურ სასჯელზე მსუბუქ სასჯელზე შეთანხმებაც, ბრალდების შემსუბუქება ან ნაწილობრივ მოხსნა. საპროცესო შეთანხმება ფორმდება წერილობით და მტკიცდება სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით. საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ისე პროკურორს. მისი დადება შესაძლებელია, როგორც სასამართლოს პირველ ინსტანციაში, ასევე განაჩენის გამოტანის შემდეგ. თუმცა, როგორც წესი, ყველაზე ხშირად საპროცესო შეთანხმება ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე მტკიცდება. საპროცესო შეთანხმების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესი. საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცემა. ბრალდებულსა და მის ადვოკატს უფლება აქვთ, საპროცესო შეთანხმების ოქმზე გამოთქვან შენიშვნები, რომელიც თან ერთვის ამ ოქმს. საპროცესო შეთანხმების ოქმს ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი, ასევე ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საყურადღებოა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს. საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. ბრალდებულს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და საჩივრდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით, ან მოტყუებით დაიდო; თუ ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; თუ საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების გათვალისწინებითაც კი, საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ დანაშაული ბრალდებულმა ჩაიდინა. აღსანიშნავია, რომ თუ ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე, სავალდებულოა, ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი. თუ გსურთ საპროცესო შეთანხმების დადება და გჭირდებათ ადვოკატის დახმარება, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591811588.

ბრალდებულის დაცვის უფლება

ბრალდებული წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის აქტიურ და ცენტრალურ ფიგურას. ის იძულებულია აიტანოს მის მიმართ განხორციელებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებები. მაგ: ჩხრეკა, პატიმრობა და ა.შ. ამიტომაც სამართლიანია, რომ ის სარგებლობს მთელი რიგი უფლებებითაც, რომელთა შორის,  უპირველესი და უმნიშვნელოვანესია დაცვის უფლება. დაცვის უფლება გარანტირებულია არა მარტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არამედ კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ის მოიცავს უფლებას, რომ პირმა დაიცვას საკუთარი თავი პირადად ან დამცველი ადვოკატის მეშვეობით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს, უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე და დამოუკიდებლად დაიცვას თავი. რაც ნიშნავს, რომ სწორედ ბრალდებულის სურვილსა და უნარზეა დამოკიდებული, ეყოლება თუ არა დამცველი, ესაა მისი უფლება და არა ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც სახეზეა სავალდებულო დაცვა.  სავალდებულო დაცვის შემთხვევები მოცემულია სსსკ-ს 45 მუხლში. მაგალითად, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი თუ ის არასრულწლოვანია, არ იცის პროცესის ენა, აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას... როგორც ვხედავთ, სავალდებულო დაცვაც ბრალდებულის ჯეროვნად და ეფექტურად დაცვას ემსახურება. დაცვის პირადად განხორციელებისას, აუცილებელია ბრალდებულს მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის უფლების სრულფასოვნად განხორციელებისათვის. თუმცა თუ გავითვალისწინებთ ადვოკატის როლს პროცესში, მის გამოცდილებასა და განათლებას, მისი მონაწილეობით ბრალდებულის დაცვის უფლება უფრო ეფექტურად იქნება რეალიზებული. ბრალდებულს უფლება აქვს ადვოკატის არჩევის და ყოლის, მისი ნებისმიერ დროს შეცვლის, ასევე აქვს უფლება დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე თუ იგი უქონელია. აკრძალულია ბრალდებულის და მისი ადვოკატის ურთიერთობაზე ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ხელს შეუშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას. დამცველის მოწვევის უფლება წარმოიშობა პირის დაკავების (ან ბრალდებულად ცნობის) მომენტიდან. ასევე ნებისმიერი საგამოზიებო მოქმედების ჩატარებისას ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატის დასწრება. დაცვის უფლების სრულფასოვნად რეალიზაციას ემსახურება აგრეთვე დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე. სსსკ-ს 46-ე მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის შემთხვევებს თუ: ა)გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას; ბ)არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა და საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი, ანუ არ გვაქვს დაცვა შეთანხმებით. სახელმწიფო გაიღებს არა მხოლოდ ადვოკატის, არამედ აგრეთვე ბრალდებულის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებასთან პირდაპირ დაკავშირებულ სხვა ხარჯებსაც. დაცვის უფლება გარანტირებული უნდა იქნეს არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას, არამედ მთელი სამართალწარმოების განმავლობაში, როგორც გამოძიებისა და წინასასამართლო ეტაპზე, ასევე გასაჩივრებისას ზემდგომ ინსტანციებში. ნებისმიერ შემთხვევაში დაცვა უნდა იყოს ეფექტიანი, ხელშეუხებელი, ხელმისაწვდომი, ბრალდებულის ინტერესებსა და ნებაზე მორგებული.