English

ბრალდებულის დაცვის უფლება

ბრალდებული წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის აქტიურ და ცენტრალურ ფიგურას. ის იძულებულია აიტანოს მის მიმართ განხორციელებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებები. მაგ: ჩხრეკა, პატიმრობა და ა.შ. ამიტომაც სამართლიანია, რომ ის სარგებლობს მთელი რიგი უფლებებითაც, რომელთა შორის,  უპირველესი და უმნიშვნელოვანესია დაცვის უფლება. დაცვის უფლება გარანტირებულია არა მარტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არამედ კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ის მოიცავს უფლებას, რომ პირმა დაიცვას საკუთარი თავი პირადად ან დამცველი ადვოკატის მეშვეობით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს, უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე და დამოუკიდებლად დაიცვას თავი. რაც ნიშნავს, რომ სწორედ ბრალდებულის სურვილსა და უნარზეა დამოკიდებული, ეყოლება თუ არა დამცველი, ესაა მისი უფლება და არა ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც სახეზეა სავალდებულო დაცვა.  სავალდებულო დაცვის შემთხვევები მოცემულია სსსკ-ს 45 მუხლში. მაგალითად, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი თუ ის არასრულწლოვანია, არ იცის პროცესის ენა, აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას... როგორც ვხედავთ, სავალდებულო დაცვაც ბრალდებულის ჯეროვნად და ეფექტურად დაცვას ემსახურება. დაცვის პირადად განხორციელებისას, აუცილებელია ბრალდებულს მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის უფლების სრულფასოვნად განხორციელებისათვის. თუმცა თუ გავითვალისწინებთ ადვოკატის როლს პროცესში, მის გამოცდილებასა და განათლებას, მისი მონაწილეობით ბრალდებულის დაცვის უფლება უფრო ეფექტურად იქნება რეალიზებული. ბრალდებულს უფლება აქვს ადვოკატის არჩევის და ყოლის, მისი ნებისმიერ დროს შეცვლის, ასევე აქვს უფლება დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე თუ იგი უქონელია. აკრძალულია ბრალდებულის და მისი ადვოკატის ურთიერთობაზე ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ხელს შეუშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას. დამცველის მოწვევის უფლება წარმოიშობა პირის დაკავების (ან ბრალდებულად ცნობის) მომენტიდან. ასევე ნებისმიერი საგამოზიებო მოქმედების ჩატარებისას ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატის დასწრება. დაცვის უფლების სრულფასოვნად რეალიზაციას ემსახურება აგრეთვე დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე. სსსკ-ს 46-ე მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის შემთხვევებს თუ: ა)გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას; ბ)არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა და საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი, ანუ არ გვაქვს დაცვა შეთანხმებით. სახელმწიფო გაიღებს არა მხოლოდ ადვოკატის, არამედ აგრეთვე ბრალდებულის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებასთან პირდაპირ დაკავშირებულ სხვა ხარჯებსაც. დაცვის უფლება გარანტირებული უნდა იქნეს არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას, არამედ მთელი სამართალწარმოების განმავლობაში, როგორც გამოძიებისა და წინასასამართლო ეტაპზე, ასევე გასაჩივრებისას ზემდგომ ინსტანციებში. ნებისმიერ შემთხვევაში დაცვა უნდა იყოს ეფექტიანი, ხელშეუხებელი, ხელმისაწვდომი, ბრალდებულის ინტერესებსა და ნებაზე მორგებული.

განქორწინება

დაინტერესებული პირები ყოველკვიურად მომართავენ ჩვენს კომპანიას განქორწინების სურვილით. ორივე მხარის თანხმობისას, რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსათვის (იუსტიციის სახლი) ერთობლივად მიმართვის გზით. თუ ქორწინების ერთ-ერთი მხარეს არ სურს განქორწინება, ან იმ შემთხვევაში თუ მეუღლეებს შორის არსებობს ქონებრივი ან არაქონებრივი დავა, განქორწინება ხდება სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ჩვენი კომპანია გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას ორივე შემთხვევაში: თუ ორივე მხარე თანახმაა რომ ქორწინება შეწყდეს განქორწინებით, ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში. კერძოდ, ჩვენი კომპანიის იურისტები მზად არიან რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგინონ ერთ-ერთი ან ორივე მხარე იუსტიციის სახლში და მაქსიმალურად კომფორტულად დაასრულონ ყველასათვის არასასიამოვნო პროცესი. ასეთ სერვისს ბევრი იყენებს, რადგან ხშირად მხარეებს არ სურთ ერთმანეთთან შეხვედრა დაძაბული ურთიერთობის გამო. შესაბამისად, ჩვენი კომპანიის იურისტები უზრუნველყოფენ ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებასა და განქორწინების რეგისტრაციას. ხშირად ქორწინების ერთ-ერთი მხარეს არ სურს განქორწინება ანდა მხარეები ვერ თანხმდებიან განქორწინებასთან დაკავშირებულ ქონებრივ ან არაქონებრივ სადავო საკითხებზე. ასეთ შემთხვევაში განქორწინება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში საქმის წარმოების გზით. ჩვენი კომპანიის საოჯახო დავების სფეროში სპეციალიზებული ადვოკატები დაიცავენ თქვენს ინტერესებს სასამართლოში. კერძოდ, ადვოკატები ამზადებენ სარჩელს სასამართლოში შესატანად, ესწრებიან სასამართლო სხდომებს და იცავენ თქვენს ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს. აღსანიშნავია, რომ როდესაც კლიენტს წარმოადგენს ადვოკატი, მას არ უწევს სასმართლო პროცესებზე დასწრება. თუ გსურთ ისარგებლოთ განქორწინების საქმეზე ჩვენი კომპანიის მომსახურებით, შეგიძლიათ გვესტუმროთ ჩვენს ოფისში.

ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა

ყველა მშობელს აქვს უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან, მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაში, ჰქონდეს ბავშვთან სათანადო დროით ურთიერთობის საშუალება პირადად თუ სასაკომუნიკაციო საშუალებების დახმარებით. სამწუხაროდ, განქორწინების შემდეგ, როდესაც მშობლები აღარ ცხოვრობენ ერთად, ისინი ვერ თანხმდებიან ბავშვთან ურთიერთობის წესსა და პირობებზე. პრაქტიკაში, ხშირად, ბავშვები რჩებიან დედასთან და ზოგჯერ მამას ეზღუდება ან საერთოდ ერთმევა საკუთარ შვილთან ურთიერთობის უფლება დედის მიერ. აღსანიშნავია, რომ ამ დროს არა მხოლოდ მამის, არამედ ბავშვის უფლებების დარღვევასთანაც გვაქვს საქმე, რადგან ბავშვს აქვს უფლება ურთიერთობა ჰქონდეს მშობელთან. ასეთ დროს, აუცილებელი ხდება სასამართლოსათვის მიმართვა და მისი მეშვეობით ბავშვთან ურთიერთობის წესების განსაზღვრა. ჩვენი საადვოკატო ბიუროს ოჯახურ დავებზე მომუშავე ადვოკატები ყოველთვიურად მიმართავენ სასამართლოს უფლებადარღვეული მშობლების ინტერესების დასაცავად. კონსულტაციის შემდეგ, კლიენტის სურვილის შესაბამისად, ჩვენი ადვოკატები ითხოვენ ბავშვთან სხვადასხვა სახით ურთიერთობის სასამართლოს მეშვეობით განსაზღვრას. ეს შეიძლება იყოს ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა, ბავშვის საკუთარ საცხოვრებელში წამოყვანა განსაზღვრული დროით, ბავშვის სასეირნოდ წაყვანა, არდადაგებსა და დღესასწაულებზე ბავშვის დასასვენებლად ან განსაზღვრულ ადგილას წაყვანა და სხვა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოში, ამ ტიპის საქმის განხილვისას საქმის წარმოების ეტაპზე ერთვება სოციალური სამსახურის სპეციალისტები - სოციალური მუშაკები, რომლებიც ამოწმებენ ორივე მშობლის საცხოვრებელ პირობებს და ახდენენ მათთან გასაუბრებას სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზედაც საბოლოოდ დგება დასკვნა. ზოგჯერ, საჭირო ხდება საქმეში ბავშვთა ფსიქოლოგის ჩართვაც. სოციალური მუშაკის დასკვნაში აღწერილი გარემოებების, საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ბავშვის ინტერესების შესაბამისად, სასამართლო ადგენს მშობლის ბავშვთან ურთიერთობის წესს. თუ თქვენ გაქვთ მსგავსი პრობლემა, წართმეული გაქვთ ან გეზღუდებათ საკუთარ შვულთან ურთიერთობა, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ამ პრობლემის გადაჭრაში.