English

შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღება

2020-02-21 ავტორი: ნიკა ვეკუა

შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღება

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა შრომითი ბინადრობის ნებართვა. შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად. შრომით საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა რომლიდანაც პირი იღებს ანაზღაურებას.


ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520-ე დადგენილება "საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ".


შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით, უცხოელმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (იუსტიციის სახლი).


შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:


1. დადგენილი ფორმის განცხადება - აღნიშნული სააპლიკაციო ფორმის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში.


2. ფოტოსურათი, ზომით 3/4.


3. უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი - უცხოელის პასპორტი სააგენტოს შეიძლება წარედგინოს ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.


4. საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - საქართველოს ვიზა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოში კანონიერად იმყოფებით.


5. საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტი - შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად ასევე შეიძლება, ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა (მათ შორის, ბანკის მიერ გაცემული ცნობა), რომლის ოდენობაც, შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები.


6. ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები.


7. სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი უცხოელის დამსაქმებელი საწარმოს ან მის მიერ დაფუძნებული საწარმოს წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, თუ უცხოელის დამსაქმებელი ან მის მიერ დაფუძნებული საწარმო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებაა, წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე.


8. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.


სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს 30 დღეში, მომსახურების საფასური 210 ლარია. შესაძლებელია დაჩქარებული მომსახურების მიღებაც - 20 დღეში გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის შემთხვევაში მომსახურების საფასური 330 ლარია, ხოლო 10 დღეში გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის შემთხვევაში - 410 ლარი. 


შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს 6 წლის ვადით.


ჩვენი კომპანიის იურისტები დაგეხმარებიან შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტების მოპოვებაში, ასევე გაგიწევენ წარმომადგენლობას იუსტიციის სახლებში.




სტატიები ამ თემაზე


ჩვენი სერვისები