ბრალდებულის დაცვის უფლება

ბრალდებულის დაცვის უფლება

გამოქვეყნების თარიღი: 2018-12-14


ბრალდებული წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის აქტიურ და ცენტრალურ ფიგურას. ის იძულებულია აიტანოს მის მიმართ განხორციელებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებები. მაგ: ჩხრეკა, პატიმრობა და ა.შ.
ამიტომაც სამართლიანია, რომ ის სარგებლობს მთელი რიგი უფლებებითაც, რომელთა შორის,  უპირველესი და უმნიშვნელოვანესია დაცვის უფლება.
დაცვის უფლება გარანტირებულია არა მარტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არამედ კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ის მოიცავს უფლებას, რომ პირმა დაიცვას საკუთარი თავი პირადად ან დამცველი ადვოკატის მეშვეობით.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს, უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე და დამოუკიდებლად დაიცვას თავი. რაც ნიშნავს, რომ სწორედ ბრალდებულის სურვილსა და უნარზეა დამოკიდებული, ეყოლება თუ არა დამცველი, ესაა მისი უფლება და არა ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც სახეზეა სავალდებულო დაცვა. 
სავალდებულო დაცვის შემთხვევები მოცემულია სსსკ-ს 45 მუხლში. მაგალითად, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი თუ ის არასრულწლოვანია, არ იცის პროცესის ენა, აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას... როგორც ვხედავთ, სავალდებულო დაცვაც ბრალდებულის ჯეროვნად და ეფექტურად დაცვას ემსახურება.
დაცვის პირადად განხორციელებისას, აუცილებელია ბრალდებულს მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის უფლების სრულფასოვნად განხორციელებისათვის.
თუმცა თუ გავითვალისწინებთ ადვოკატის როლს პროცესში, მის გამოცდილებასა და განათლებას, მისი მონაწილეობით ბრალდებულის დაცვის უფლება უფრო ეფექტურად იქნება რეალიზებული. ბრალდებულს უფლება აქვს ადვოკატის არჩევის და ყოლის, მისი ნებისმიერ დროს შეცვლის, ასევე აქვს უფლება დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე თუ იგი უქონელია.
აკრძალულია ბრალდებულის და მისი ადვოკატის ურთიერთობაზე ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ხელს შეუშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას. დამცველის მოწვევის უფლება წარმოიშობა პირის დაკავების (ან ბრალდებულად ცნობის) მომენტიდან. ასევე ნებისმიერი საგამოზიებო მოქმედების ჩატარებისას ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატის დასწრება.
დაცვის უფლების სრულფასოვნად რეალიზაციას ემსახურება აგრეთვე დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე. სსსკ-ს 46-ე მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის შემთხვევებს თუ:
ა)გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას;
ბ)არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა და საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი, ანუ არ გვაქვს დაცვა შეთანხმებით.
სახელმწიფო გაიღებს არა მხოლოდ ადვოკატის, არამედ აგრეთვე ბრალდებულის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებასთან პირდაპირ დაკავშირებულ სხვა ხარჯებსაც.
დაცვის უფლება გარანტირებული უნდა იქნეს არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას, არამედ მთელი სამართალწარმოების განმავლობაში, როგორც გამოძიებისა და წინასასამართლო ეტაპზე, ასევე გასაჩივრებისას ზემდგომ ინსტანციებში. ნებისმიერ შემთხვევაში დაცვა უნდა იყოს ეფექტიანი, ხელშეუხებელი, ხელმისაწვდომი, ბრალდებულის ინტერესებსა და ნებაზე მორგებული.


ავტორი: მარიამ ალავიძე

სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები