სარჩელის უზრუნველყოფა

სარჩელის უზრუნველყოფა

გამოქვეყნების თარიღი: 2018-11-13


მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით აქვს უფლება გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ნებისმიერი დავის დროს მხარის ინტერესს წარმოადგენს, არა მხოლოდ პროცესის მოგება, არამედ ამ მოგებული პროცესის სახით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელსაც სამართლებრივად გადაწყვეტილების აღსრულება ეწოდება. სასამართლო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები როდესაც გამარჯვებული მხარე ვერ იკმაყოფილებს მოთხოვნას, რადგან მეორე მხარეს არ გააჩნია შესაბამისი ქონება, ვინაიდან ეს ქონება გასხვისებული აქვს პროცესის მსვლელობისას.

სწორედ გადაწყვეტილების აღსრულებისაკენ მიმართულ ღონისძიებას წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფა. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ემყარება სარჩელის დაკმაყოფილების ვარაუდს. თუმცა მოსამართლემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების დაკმაყოფილების შესახებ განჩინება მხედველობაში არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილების გამოტანისას.

მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

განცხადებაში ასევე მითითებული უნდა იყოს თუ რომელი უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენებას ითხოვს მოსარჩელე. ასევე უნდა იყოს დასაბუთებული მიზეზშედეგობივი კავშირი იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად შეიძლება გამოყენებული იყოს:
ყადაღის დადება;
მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;
მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის სახით;
სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება;
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება;

სააღსრულებლო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მხარეს შეუძლია, როგორც საქმის ყველა სტადიაზე ასევე სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. იმ შემთხვევაში თუ მხარე სასამართლოში საქმის აღძვრამდე მიმართავს განცხადებით სასამართლოს და სასამართლო დაუკმაყოფილებს მოთხოვნას, მხარე ვალდებულია 10 დღის ვადაში შეიტანოს სარჩელი. თუ სარჩელის შეტანა არ მოხდება სასამართლო თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით აღნიშნულ ღონისძიებას გააუქმებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასამართლომ განცხადება უნდა განიხილოს 1 დღის ვადაში, მოპასუხისათვის შეუტყობინებლად.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას ხშირ შემთხვევაში თან ახლავს ზიანის ანაზღაურების საკითხი. ვინაიდან დაყადაღებული ქონებით შესაძლებელია მოპასუხეს მიადგეს ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. ამიტომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს უზრუნველყოფის ღონისძიების დაკმაყოფილებისას აღნიშნული საკითხები და განცხადების შემტან მხარეს მოსთხოვოს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. ასეთ შემთხვევაში განცხადების შემტანი ვალდებულია 7 დღის ვადაში განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.

სასამართლოს სარჩელის უზრუნვეელყოფის ღონისძიების განხილვის შედეგად გამოაქვს განჩინება. მისი გასაჩივრების ვადას წარმოადგენს 5 დღე. ვადის დენა იწყება განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტიდან.



ავტორი: გუგა ლექვინაძე

სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები