ისჯება თუ არა არასრულწლოვნისათვის ცივი იარაღის მიყიდვა?

მოცემული სტატიით მსურს საზოგადოების ინფორმირება მოვახდინო იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება არასრულწლოვნებისათვის ცივი იარაღის მიყიდვა მაღაზიებში, ბაზრობებზე და სხვა სავაჭრო ადგილებში ისე, რომ გამყიდველს არავინ სჯის ამ უკანონო ქმედებისათვის და საერთოდ არ ხდება ბაზარზე ცივი იარაღის კონტროლი სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ალბათ ყველას აინტერესებს კანონით რა სახის სანქცია არის გამყიდველისათვის გათვალისწინებული არასრულწლოვნისათვის ცივი იარაღის მიყიდვის შემთხვევაში. ეს ქმედება ისჯება ადმინისტრაციული წესით. კერძოდ, ამ ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული არის მხოლოდ ჯარიმა. აღნიშნული კანონი გარდა იმისა, რომ გამყიდველს/სავაჭრო ობიექტს უკრძალავს არასრულწლოვნისათვის ცივი იარაღის მიყიდვას, ასევე დასჯადია ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის განთავსების მოთხოვნათა დარღვევა. მოცემულ ბანერზე გარკვევით და თვალსაჩინოდ უნდა იყოს აღნიშნული, რომ აკრძალულია არასრულწლოვნისათვის ცივი იარაღის მიყიდვა. ასეთი ბანერის არ ქონა სავაჭრო ობიექტში, სადაც იყიდება ცივი იარაღი პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მიყიდვის შემთხვევაში სანქციას, ასეთ დროს კოდექსი აწესებს პირველ ჯერზე 300 ლარს. ესეიგი თუკი ბაზრობაზე ან ნებისმიერ სხვა სავაჭრო ადგილას არასრულწლოვანს მიყიდან ცივ იარაღს, ეს ქმედება ისჯება მხოლოდ 300 ლარის ოდენობით. მოცემულ რეგულაციასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ჯარიმის ოდენობა 300 ლარის არის ძალიან მცირე და მას არ გააჩნია მბოჭავი ეფექტი გამყიდველისათვის. მეორე პრობლემა არის ის, რომ სამართალდამცავი ორგანოები ვერ ახერხებენ ამ ფაქტების გამოვლენას ან საერთოდ არ აწარმოებენ ინსპექტირებას. ბოლოს მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, თუკი შეესწრებით ფაქტს, რომ არასრულწლოვანს მიჰყიდიან ცივ იარაღს ან გამყიდველს არ აქვს განთავსებული ამკრძალავი ბანერი, მიმართეთ შესაბამის ორგანოს 112 დროულად და აცნობეთ ამის შესახებ, რადგან არ იცით უმოქმედობით რა შედეგი/მსხვერპლი შეიძლება დადგეს.

განაგრძეთ კითხვა
უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით „გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი“. კანონის ეს მოთხოვნა არის სავალდებულო და იმპერატიული ხასიათის, რომლის ცვლილება და რაიმე დათქმის გაკეთება მის შესახებ მხარეთა შეთანხმებით არის დაუშვებელი. ეს მიდგომა ემსახურება მყიდველის ინტერესების დაცვას და გამყიდველის მხირდან სახელშეკრულებო ვალდებულებისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას. როდესაც მხარეთა შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულების არსებით პირობებზე. გამყიდველი აწესებს გარკვეულ საფასურს ნივთზე, ხოლო მყიდველს აქვს მოლოდინი, რომ მიიღებს მისთვის სასურველ ნივთს შესაბამისი მახასიათებლებით. ესეიგი ნივთი ნივთობრივად ნაკლის მქონედ ჩაითვლება იმ შემთვევაში, თუკი იგი არ არის თავსებადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთისა, მაგალითად: არ შეესაბამება ხარისხს, თვისებას, წონას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უვარგისია ნორმალური სარგებლობისათვის. გარდა ვიზუალური თუ ფიზიკური მახასიათებლებისა, ნივთი ნაკლის მქონე არ უნდა იყოს უფლებრივი კუთხითაც, რაც ნიშნავს იმას, რომ მესამე პირს უფლება არ უნდა ჰქონდეს განაცხადოს მასზრე რაიმე სახის პრეტენზია. ასეთი შეიძლება იყოს მესამე პირისგან საკუთრების უფლებაზე რაიმე პრეტენზია. ხშირად პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც პირი შეიძენს სამშენებლო კომპანიისგან სახლს, ისე რომ მას ხელშეკრულების დადებისას არ ეუბნებიან რომ საკუთრებაზე რეგისტირებული არის მაგალითად იპოთეკა, რაც შემდგომში მყიდველის ინტერესებს რისკის ქვეშ აყენებს. ასეთ შემთხვევებში გამყიდველი ვალდებულია გამოასწოროს ნაკლი გონივრულ ვადაში და გაიღოს ამისათვის საჭირო ხარჯი. მყიდველ უფლება აქვს ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა სსკ-ის 352 მუხლის მიხედვით.

განაგრძეთ კითხვა
განქორწინება

დაინტერესებული პირები ყოველკვიურად მომართავენ ჩვენს კომპანიას განქორწინების სურვილით. ორივე მხარის თანხმობისას, რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსათვის (იუსტიციის სახლი) ერთობლივად მიმართვის გზით. თუ ქორწინების ერთ-ერთი მხარეს არ სურს განქორწინება, ან იმ შემთხვევაში თუ მეუღლეებს შორის არსებობს ქონებრივი ან არაქონებრივი დავა, განქორწინება ხდება სასამართლოსათვის მიმართვის გზით.ჩვენი კომპანია გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას ორივე შემთხვევაში:თუ ორივე მხარე თანახმაა რომ ქორწინება შეწყდეს განქორწინებით, ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში. კერძოდ, ჩვენი კომპანიის იურისტები მზად არიან რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგინონ ერთ-ერთი ან ორივე მხარე იუსტიციის სახლში და მაქსიმალურად კომფორტულად დაასრულონ ყველასათვის არასასიამოვნო პროცესი. ასეთ სერვისს ბევრი იყენებს, რადგან ხშირად მხარეებს არ სურთ ერთმანეთთან შეხვედრა დაძაბული ურთიერთობის გამო. შესაბამისად, ჩვენი კომპანიის იურისტები უზრუნველყოფენ ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებასა და განქორწინების რეგისტრაციას.ხშირად ქორწინების ერთ-ერთი მხარეს არ სურს განქორწინება ანდა მხარეები ვერ თანხმდებიან განქორწინებასთან დაკავშირებულ ქონებრივ ან არაქონებრივ სადავო საკითხებზე. ასეთ შემთხვევაში განქორწინება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში საქმის წარმოების გზით. ჩვენი კომპანიის საოჯახო დავების სფეროში სპეციალიზებული ადვოკატები დაიცავენ თქვენს ინტერესებს სასამართლოში. კერძოდ, ადვოკატები ამზადებენ სარჩელს სასამართლოში შესატანად, ესწრებიან სასამართლო სხდომებს და იცავენ თქვენს ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს. აღსანიშნავია, რომ როდესაც კლიენტს წარმოადგენს ადვოკატი, მას არ უწევს სასმართლო პროცესებზე დასწრება.თუ გსურთ ისარგებლოთ განქორწინების საქმეზე ჩვენი კომპანიის მომსახურებით, შეგიძლიათ გვესტუმროთ ჩვენს ოფისში. განქორწინების საკითხზე კონსულტაცია უფასოა. 

განაგრძეთ კითხვა
ალიმენტის დაკისრება

მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულება, მათ უნდა ამყოფონ შვილები ნორმალური განვითარებისათვის საჭირო პირობებში. როგორც წესი ალიმენტის ოდენობასა და მისი გადახდის წესზე მშობლები თავად თანხმდებიან, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ ერთ-ერთი მშობელი არღვევს გადახდის პირობას და საქმე მაინც სასამართლოში გადაინაცვლებს.ჩვენი კომპანიის საოჯახო დავებში სპეციალიზებული ადვოკატები დაიცავენ თქვენს და თქვენი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს ალიმენტთან დაკავშირებულ სასამართლო დავებში.ჩვენ მშობლებს ვეხმარებით მოთხოვნის ფორმულირებაში, ამისათვის აუცილებელია, განისაზღვროს არასრულწლოვნის  საჭიროებები, მაგალითად: ბავშვი შეიძლება სწავლობდეს კერძო სკოლაში/ბაღში, დადიოდეს სხვადასხვა წრეზე, სჭირდებოდეს განსაკუთრებული პირობები ან მკურნალობა, ექიმთან პერიოდული კონსულტაცია და მედიკამენტები.ასევე, აუცილებელია, მოძიებული იქნას მტკიცებულებები მშობლის შემოსავლების შესახებ. კლიენტს შეუძლია თავად წარმოგვიდგინოს ინფორმაცია ან/და დოკუმენტები რითაც დასტურდება ბავშვის საჭიროებები და მოპასუხის შემოსავლები, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენი კომპანიის ადვოკატები თავად დაგეხმარებიან სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულებების მოპოვებაში. ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო ადგენს ალიმენტის ოდენობას.ალიმენტის დაკისრების საქმეზე აუცილებელი დოკუმენტებისა და დამატბითი ინფორმაციის გასაგებად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში. ჩვენთან ალიმენტის საქმეზე კონსულტაცია უფასოა. გაითვალისწინეთ, რომ ალიმენტის დაკისრების თაობაზე სარჩელი გათავისუფლებულია სასამართლო ბაჟის გადახდისაგან. ასევე, ალიმენტის მოთხოვნისათვის არ არის აუცილებელი მშობლები იმყოფებოდნენ რეგისტირებულ ქორწინებაში.

განაგრძეთ კითხვა
ქორწინების ბათილობა

ქორწინების ბათილობა ხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ეს ის შემთხვევა არის, როდესაც არსებობს რამდენიმე ქორწინება. კერძოდ, თუკი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ფიქსირდება ორი ან მეტი რეგისტრირებული ქორწინება, ასეთ დროს დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს მისი ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნით. პრაქტიკაში ხშირად ადგილი აქვს ისეთ შემთხვევებს, როცა პირები (ქმარი და ცოლი) არეგისტრირებენ ფიქციურ ქორწინებას რაიმე მიზეზით (მაგრამ მიზნად არ ისახავენ ოჯახის შექმნას) , შემდეგ არ ახსოვთ ამ ქორწინების შესახებ და წლების შემდეგ ხელახალი ქორწინების დროს თავს იჩენს ეს პრობლემა, ან არის შემთხვევბი როდესაც ერთი მხარე დატოვებს საქართველოს ტერიტორიას და პირს ხელი ეშლება ხელახალი ქორწინების რეგისტრაციაში. ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველია ასევე: ქორწინება ისეთ პირზე, რომელსაც არ მიუღწევია საქორწინო ასაკამდე, ასევე ქორწინება მოხდა იძულებით. თუკი გაქვთ ასეთი პრობლემა და გსურთ განქორწინება უნდა მიმართოთ ადვოკატს, მიაწოდოთ დეტალური ინფორმაცია და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ადვოკატი უზრუნელყოფს საქმის წარმოებას სასამართლოში. პირველ ეტაპზე ხდება სარჩელის მომზადება და სასამართლოში შეტანა. შემდეგ სასამართლო სხდმაზე თქვენი ადვოკატი დასაბუთებულად უთითებს იმ მიზეზზე, რის გამოც სასამართლომ ბათილად უნდა ცნოს ქორწინება. ქორწინების ბათილად ცნობა არ ხელყოფს ქორწინების შედეგად დაბადებული შვილების უფლებებს.

განაგრძეთ კითხვა