English

საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

ანდერძი ფიზიკური პირის აბსოლუტური უფლებაა. მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება. ხშირია შემთხვევები, როდესაც პირები ადგენენ ანდერძს,რათა დაგროვილი ქონება თავისთვის სასურველ პირს დაუტოვონ. ანდერძი, ხშირ შემთხვევაში, არა ერთი, არამედ რამდენიმე პირის სასარგებლოდ დგება. არის შემთხვევები, როდესაც მოანდერძეს აქვს სურვილი მემკვიდრეს რაიმე ვალდებულების შესრულება დააკისროს. საანდერძო დანაკისრი, ხშირ შემთხვევაში, განიხილება ანდერძთან ერთად. ანდერძის მიღებისათვის საჭიროა აგრეთვე პირის ნება, მიიღოს ანდერძი და ქონებასთან ერთად იგი ღებულობს ვალდებულებას, რომელიც უნდა შეასრულოს. საანდერძო დანაკისრის საგანი შეიძლება იყოს მიმღებისათვის სამკვიდროში შემავალი ქონების გადაცემა სხვა პირის საკუთრებაში ან სარგებლობაში. შესაძლოა, განსაზღვრული იყოს რაიმე სამუშაოს შესრულება ან რაიმე სახის მომსახურების გაწევა. საანდერძო დანაკისრის ფარგლები არ უნდა აღემატებოდეს მოანდერძის მიერ დატოვებულ ქონებას. ასევე, დანაკისრის ზღვარის დადგენისას უნდა მოხდეს ვალის გათვალისწინებაც. დატოვებულ ქონებას უნდა გამოაკლდეს ვალის რაოდენობა და დარჩენილ ქონებით უნდა შემოიფარგლოს საანდერძო დანაკისრი. საანდერძო დანაკისრის მიმღებ მხარესთან შესაძლოა დავა წამოიწყოს კანონისმიერმა მემკვიდრემ ან იმ პირმა, ვის სასარგებლოდაც უნდა შესრულებულიყო საანდერძო დანაკისრი. ვინაიდან, არის შემთხვევები, როდესაც ანდერძით მემკვიდრე ქონებას ღებულობს, მის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას კი არ ასრულებს.