English

მემკვიდრეობის მიღების პროცედურა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სამკვიდრო ქონების გადასვლას მემკვიდრეებზე ორი ფორმით: კანონით და ანდერძით მემკვიდრეობით. ამ სტატიაში თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ კანონით მემკვიდრეობაზე, იმდენად რამდენადაც აღნიშნული საკითხი საკმაოდ აქტუალურია საზოგადოებაში და სამართლებრივი ნორმების არ ცოდნის გამო ბევრი ზარალდება და კარგავს უფლებას მიიღოს მშობლის მიერ დატოვებული ქონება. კანონით მემკვიდრეობა გულისხმობს სამკვიდრო ქონების მიღებას ორი გზით: 1) სანოტარო ბიუროსათვის მიმართვით სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე და 2) აღნიშნული ქონების მიღებას ფაქტიური ფლობით. სანოტარო ბიუროსათვის მიმართვა უნდა განხორციელდეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, ამ დროის გასვლის შემდეგ მემკვიდრეს უწევს სასამართლოსათვის მიმართვა, რათა ამ უკანასკნელმა მიიჩნიოს გაშვებული ექვს თვიანი ვადა საპატიოდ. სასამართლოსათვის მიმართვა აღარ იქნება აუცილებელი, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით გულისხმობს იმ შემთხვევას, როცა მემკვიდრე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ რეალურად დაიწყებს იმ ქონებით სარგებლობას, რაც დარჩა მისი გარდაცვალების შემდეგ. ასე მაგალითად მშობლის გარდაცვალების შემდეგ შვილი აგრძელებს ამ სახლში ცხოვრებას. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სამკვიდრო ქონებაზე ნაწილობრივი ფლობის განხორციელება, გულისხმობს მის სრულ მიღებას. მაგალითად თუ პირი ქონების ფლობას შეუდგება თბილისში და მამკვიდრებლის მიერ დატოვებული ქონება არის აგრეთვე აჭარაში, ითვლება, რომ ეს პირი მთლიანი ქონების ფლობას ახორცილებს, მათ შორის აჭარაშიც და შესაბამისად მთელი ეს ქონება ითვლება მიღებულად. ჩვენი კომპანიის ადვოკატები დაინტერესებულ პირებს ეხმარებიან მემკვიდრეობის მიღების პროცესში და უწევენ სრულ საადვოკატო მომსახურებას, როგორც სასამართლოში, ასევე სხვა ორგანოებშიც.

ანდერძით მემკვიდრეობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით,გარდაცვლილი პირის(მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე(მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით,ანდა ორივე საფუძვლით. ანდერძით მემკვიდრეობა წარმოადგენს მამკვიდრებლის უფლებას,იგი უფლებამოსილია სიცოცხლეშივე განსაზღვროს თუ ვის დარჩება ქონება მისი გარდაცვალების შემთხვევაში.იგი შეზღუდული არ არის ანდერძით მემკვიდრეობისას მემკვიდრე განსაზღვროს როგორც მემკვიდრეთა წრიდან,ისე გარეშე პირებიდანაც (სსკ 1344 მუხლი.), ასევე უფლებამოსილია  ქონება ჩამოართვას კანონით მემკვიდრეებს,იგი ამ ქმედების განხორციელების მოტივის მტკიცებისგან თავისუფლდება(1354.1).ანდერძის შედგენისას მოანდერძეს შეუძლია კონკრეტულად განსაზღვროს თუ რა წილი ან ქონება გადავა მემკვიდრეებზე.თუ ანდერძში ამგვარი დათქმა არ არსებობს სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის. კანონი ასევე აწესებს რამდენიმე აუცილებელ პირობას,რომელიც უნდა დაიცვას მოანდერძემ ანდერძის ნადმვილობისთვის.საქართელოს სამოქალაქო კოდექსის 1345 მუხლის მიხედვით,მოანდერძე პირი აუცილებლად უნდა იყოს სრულწლოვანი,ქმედუნარიანი პირი,რომელსაც შეუძლია ნათლად და გონივურლად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და გამოხატოს ნება.ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია,იგი მოანდერძემ უნდა შეადგინოს პირადად,ასევე დაუშვებელია მოანდერძემ სხვა პირს დაავალოს განსაზღვრა,თუ რომელი მემკვიდრე რა წილს მიიღებს ქონებიდან. კანონი ასევე ადგენს ანდერძის ფორმასავალდებულო დათქმას,სამოქალაქო კოდექსის 1357 მუხლის მიხედვით ანდერძი აუცილებლად უნდა შედგეს წერილობითი ფორმით,ასევე დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო წესით ან მის გარეშე.სანოტარო წესის გარეშე,მოანდერძეს შეუძლია დაწეროს „შინაურული ანდერძი“ თავისი ხელით და ხელი მოაწეროს მას. ასევე  მნიშვნელოვანია,რომ ანდერძში მითითებული იყოს შედგენის თარიღი,თარიღის არარსებობა იწვევს ანდერძის ბათილობას იმ შემთხვევაში თუ ვერ ქარწყლდება ანდერძის შედგენის,შეცვლის,გაუქმების,ასევე რამდენიმე ანდერძის არსებობისას მოანდერძის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვი. სანოტარო წესით ანდერძის შედგენა კანონით განსაზღვრულ დამატებით ქმედებებს მოიცავს,პრაქტიკაში ხშირია „შინაურული ანდერძის“ ფორმები,მაგრამ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ რამდენიმე ანდერძის არსებობისას კონკურენციის საკითხი.სამოქალაქო კოდექსის 1401-ე მუხლის მიხედვით,თუ მოანდერძემ რამდენიმე ანდერძი შეადგინა,რომელთაგან ერთ-ერთი შედგენილია სანოტარო ფორმით,დანარჩენი კი-არა,უპირატესობა სანოტარო წესით შედგენილ ანდერძს ენიჭება.სანოტარო ანდერძი არ შეიძლება მოიშალოს სხვა ფორმის ანდერძით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,ანდერძის შედგენისას აუცილებელია მოანდერძემ დაიცვას კანონით განსაზღვრული პირობები.პირობების ზუსტი დაცვა უზრუნველყოფს ჩვენივე ნების აღსრულებას,ჩვენი გარდაცვალების შემდეგ.პირობების დაუცველად შედგენილი ანდერძი იწვევს მის ბათილობას,და მემკვიდრეობა მოხდება კანონით დადგენილი წესებით.

უღირსი მემკვიდრე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს უღირსი მემკვიდრის სამართლებრივ მდგომარეობას და მემკვიდრეობის უფლებას. კოდექსის 1310-ე მუხლის მიხედვით, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებები დადასტურებულ იქნა სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე). უღირსი მემკვიდრე ცხოვრებისეულ რეალობაში მამკვიდრებლის ნების საწინააღმდეგოდ ცდილობს ანდერძზე ან სამკვიდროზე მის სასიკეთოდ ზემოქმედებას. მაგალითად, მემკვიდრე მამკვიდრებელს მუქარის სანაცვლოდ აიძულებს ანდერძში მისი სამკვიდროს წილი გაზარდოს. მემკვიდრის უღირსად ცნობისთვის სამკვიდროთი დაინტერესებულმა ყველა პირმა, რომლის ქონებასაც გარკვეული ზიანი მიადგება/ან მიადგა უღირსი მემკვიდრის განზრახი ქცვით, უნდა მოითხოვოს სასამართლოს ძალით პირის უღირს მემკვიდრედ აღიარება. კოდექსის 1312-ე მუხლის მიხედვით, გარემოება რომელიც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს დადგენილ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ იმ პირის სარჩელით, რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა უღირსი მემკვიდრისათვის განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს. სასამართლოს ძალით პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის შედეგად, იგი კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას, შესაბამისად, უღირს მემკიდრედ ცნობა პირისათვის მემკვიდრეობის უფლების დაკარგვას იწვევს. მემკვიდრეობის უფლების დაკარგვის შედეგად, მისი სამკვიდრო წილი გადანაწილდება სხვა თანამემკვიდრეებზე კანონით დადგენილი წესით. პრაქტიკისთვის ხშირია შემთხვევები, როდესაც პირის უღირს მემკვიდრეც ცნობა ხდება სამკვიდროს მიღების შემდეგ. ამ შემთხვევაში,იგი ვალდებულია დააბრუნოს ყველაფერი, რაც მემკვიდრეობის შედეგად მიიღო. სამოქალაქო კოდექსი ასევე ითვალისწინებს უღირსი მემკვიდრის პატიებას. კოდექსის 1313-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც მხილებულია იმ მოქმედებათა ჩადენაში, რომლებიც მემკვიდრეობის უფლების დაკარგვას იწვევს, ამის მიუხედავად დაიშვება მემკვიდრედ, თუ მამკვიდრებელი აპატიებს მას და თავის ამ გადაწყვეტილებას აშკარა ფორმით გამოხატავს ანდერძში. იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებლის მიერ საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე მოხდება უღირსი მემკვიდრის პატიება, მან აღნიშნულზე სათანადო განცხადება უნდა გააკეთოს ანდერძში, რის შედეგადაც მამკვიდრებელი კანონის ძალით იბოჭება და სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ეკრძალება პატიების უკან წაღება.