"შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები

2026-03-07 ავტორი: ხათუნა მანჯგალაძე

საქართველოში მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელის დასაქმება
 
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების საკითხი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების საგანი გახდა.
 2026 წლის 01 მარტიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა უფრო მკაფიოდ განსაზღვრა როგორც უცხოელთა შრომითი საქმიანობის განხორციელების პირობები, ისე დამსაქმებელთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობები.
ახალი წესები ერთი მხრივ აძლიერებს შრომის ბაზრის რეგულირებას და კონტროლის მექანიზმებს, ხოლო მეორე მხრივ დამსაქმებლებსა და უცხოელ მოქალაქეებს აკისრებს მკაფიო სამართლებრივ ვალდებულებებს.
 
o   რა არის შრომითი საქმიანობის უფლება და რომელი უწყება გასცემს მას?
შრომითი საქმიანობის უფლება წარმოადგენს სპეციალურ ნებართვას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას საქართველოში კანონიერად განახორციელოს შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციური ფორმით.
შრომითი საქმიანობის უფლებას გასცემს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
o   ვისზე არ ვრცელდება შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი?
კანონის მოქმედების ფარგლებს მიღმა რჩება რამდენიმე კატეგორიის პირი, მათ შორის:
  • ლტოლვილის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის სტატუსის მქონე პირები;
  • საქართველოში რეგისტრირებული თავშესაფრის მაძიებლები;
  • აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები;
  • უცხოური მედიის აკრედიტებული ჟურნალისტები;
  • პირები, რომლებზეც საერთაშორისო ხელშეკრულებით განსხვავებული რეჟიმი ვრცელდება;
  • საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელები.
o   ვინ ითვლება შრომით იმიგრანტად?
შრომითი იმიგრანტი არის უცხოელი, რომელსაც არ აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა საქართველოში და რომელიც:
  • მუშაობს ან გეგმავს მუშაობას საქართველოში მოქმედ დამსაქმებელთან (მათ შორის დისტანციურად) ან
  • საქართველოში ახორციელებს თვითდასაქმებულ საქმიანობას.
 
როგორც დამსაქმებლებისთვის, ისე უცხოელი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სრულყოფილად გაეცნონ მოქმედ სამართლებრივ მოთხოვნებს და საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ფინანსური სანქციები.
 

ხათუნა მანჯგალაძე

ავტორი:

ხათუნა მანჯგალაძე
სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატი

ხათუნა მანჯგალაძე არის სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატი 15 წლის გამოცდილებით. ხათუნა მუშაობს შემდეგ მიმართულებებზე: შრომითი საკითხები და დავები, ხელშეკრულების მომზადება და სახელშეკრულებო დავები, კორპორაციული სამართალი და კომპანიის რეგისტრაცია. ადვოკატის სამუშაო ენებია ინგლისური, ქართული, რუსული. ადვოკატის საქმიანობის ადგილია თბილისი.


სტატიები ამ თემაზე


ჩვენი სერვისები