English

კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემების მეწარმეთა შესახებ ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა

თუ თქვენი კომპანია (შპს, სპს, სს, კს, კოოპერატივი, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2022 წლის პირველ იანვრამდე, თქვენ ვალდებული ხართ, 2023 წლის ბოლომდე, "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოთ კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემები. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, "სამეწარმეო რეესტრი" განგისაზღვრავთ დამატებით 3 თვიან ვადას. დამატებით ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თქვენი კომპანიის რეგისტრაცია გაუქმდება. კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემების "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად საჭიროა: "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ კომპანიის გადაწყვეტილების (პარტნიორთა საერთო კრების ოქმი, გამგეობის ოქმი და სხვა) წარდგენა;სადამფუძნებლო შეთანხმების წარდგენა;ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი წესდების წარდგენა ან იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სტანდარტული წესდების გამოყენება;საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასური (1 სამუშაო დღეში 200 ლარი; განცხადების შეტანის დღეს - 400 ლარი; ხელმოწერის დადასტურების საფასური: ერთ ხელმოწერაზე 7 ლარი);ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია. iuristi.ge, "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონის ამოქმედებიდან, მომსახურებას უწევს კომპანიებს მათი სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანაში. მომსახურების საშუალო დრო 2-3 დღეა. კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით: 591811588. კონსულტაცია უფასოა.

შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღება

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა შრომითი ბინადრობის ნებართვა. შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად. შრომით საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა რომლიდანაც პირი იღებს ანაზღაურებას. ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520-ე დადგენილება "საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ". შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით, უცხოელმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (იუსტიციის სახლი). შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: 1. დადგენილი ფორმის განცხადება - აღნიშნული სააპლიკაციო ფორმის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში. 2. ფოტოსურათი, ზომით 3/4. 3. უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი - უცხოელის პასპორტი სააგენტოს შეიძლება წარედგინოს ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით. 4. საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - საქართველოს ვიზა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოში კანონიერად იმყოფებით. 5. საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტი - შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად ასევე შეიძლება, ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა (მათ შორის, ბანკის მიერ გაცემული ცნობა), რომლის ოდენობაც, შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები. 6. ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები. 7. სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი უცხოელის დამსაქმებელი საწარმოს ან მის მიერ დაფუძნებული საწარმოს წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, თუ უცხოელის დამსაქმებელი ან მის მიერ დაფუძნებული საწარმო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებაა, წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე. 8. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს 30 დღეში, მომსახურების საფასური 210 ლარია. შესაძლებელია დაჩქარებული მომსახურების მიღებაც - 20 დღეში გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის შემთხვევაში მომსახურების საფასური 330 ლარია, ხოლო 10 დღეში გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის შემთხვევაში - 410 ლარი.  შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს 6 წლის ვადით. ჩვენი კომპანიის იურისტები დაგეხმარებიან შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტების მოპოვებაში, ასევე გაგიწევენ წარმომადგენლობას იუსტიციის სახლებში.

ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

როგორც წესი, განქორწინების შემდეგ, არასრულწლოვანი შვილები ერთ-ერთ მშობელთან ცხოვრობენ. მშობელი ზრუნავს შვილის განვითარებაზე, ცდილობს მაქსიმალურად კარგი განათლება მისცეს შვილს და უზრუნველყოს სხვა საჭიროებებით.  ხშირად, მშობელს სურს შვილი გაიყვანოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, განათლების მისაღებად ან სხვა ობიექტური მიზეზით.  საქართველოს კანონმდებლობით 16 წლამდე არასრულწლოვნის პასპორტის გასაცემად, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აუცილებელია ორივე მშობლის თანხმობა. შესაძლოა მეორე მშობელი არ ასრულებდეს მის მოვალეობებს, არ ზრუნავდეს საკუთარ შვილზე, მაგრამ მისი თანხმობის გარეშე ბავშვს არ აქვს საშუალება დატოვოს საქართველოს საზღვრები. სამწუხაროდ, ხშირად, მშობელი სიჯიუტის ან სხვა მიზეზის გამო უარს ამბობს პასპორტის გაცემის ნებართვაზე მაშინაც, როდესაც ბავშვის საზღვარგარეთ არ გაყვანამ შეიძლება მისი ინტერესები დააზიანოს. ზოგჯერ, მშობლები უბრალოდ ვერ თანხმდებიან რა არის უკეთესი მათი შვილისათვის.  ორივე შემთხვევაში, მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი შეუზღუდოს მშობელს უფლება და მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ერთ-ერთ მშობელს საშუალება ექნება გაიყვანოს მისი შვილი საზღვარგარეთ.   ჩვენი კომპანიის საოჯახო სამართალში სპეციალიზებული ადვოკატები დაგეხმარებიან დაიცვათ თქვენი და თქვენი არასრულწლოვნი შვილის ინტერესები სასამართლოში. ჩვენ დაგეხმარებით მოთხოვნის სწორად ჩამოყალიბებაში, სასამართლო დოკუმენტების მომზადებასა და სასამართლო სხდომებზე თქვენი ინტერესების დაცვაში. სასამართლო დავისათვის აუცილებელი დოკუმენტებისა და დამატებითი ინფორმაციის გასაგებად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში.